Saturday, January 7, 2012

"მუმლი მუხასაო..."

,,აღდგენა ისტორიისა–ერის გამოცოცხლებაა, გამომხნევებაა, აწმყოს 
გაგება და წარმართვაა, მერმისის გამორკვევაა სიბნელისაგან." 
ილია ჭავჭავაძე.
    "მუმლი მუხასაო, გარს ეხვეოდაო..." – მღეროდა ბრძოლაში შეუპოვარი და შრომაში მუხლჩაუხრელი ქართველი. ამ მუხის ყლორტები ვართ ჩვენ – სამასი არაგველის ჩამომავალები, ამჯამად ბზისხეველები. მუხისა, რომლის ფესვები ათასწლეულების სიღრმეში იკარგება. წარსული– მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავლისა. ჩვენი საქართველო რომ  არ დაბერდეს, წინაპრის სუნთქვით გამთბარმა წარსულმა და დღევანდელობამ ნათელი მომავალი უნდა შვას. 
     ჩვენი წინაპრების სისხლი და ამ მიწაში მომხვდურთან ბრძოლაში დაღუპული გმირების დამარხული ძვლები გვავალებს, ღირსეული შვილები ვიყოთ ჩვენი სამშობლოსი. ამიტომაც, ვალდებულნი ვართ, ვიცოდეთ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ.
    ჩვენ აქ, ბზის წყლის ხეობაში დავიბადეთ. იგი გაშლილი, ყოველმხრივ მთებით შემოფარგლული, მდელოიან–ტყიანი, ბაღ–ბაღჩიანი ადგილია. სამხრეთიდან ბედენის მთის კალთათა შტოები ფარგლავს, ქციის ხეობიდან. ჩრდილოეთით მანგლისის მთისა და პლატოს ფერდონი. შუა ხეობაზე ბზის წყალი მოჩუხჩუხებს, ალგეთის მარჯვენა შენაკადი. 
    ეს მთა, რომელიც დასავლეთით უშუალოდ ეკვრის წალკის ზეგანს, ხოლო აღმოსავლეთით გრძელდება გუდარეხ–ფარცხისის მიდამოებამდე,  გაწოლილია თითქმის  ორ ათეულ კილომეტრზე, ვახუშტი ბატონიშვილთან ბენდერის მთად იწოდება.
    ამ ხეობაში მდებარეობს ჩვენი სოფელი. იგი ორი სოფლის ბზისა და ლაკვისის ნაფუძარზეა გაშენებული. მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციან წლებში ილია ჭავჭავაძემ და მისმა მეგობარმა ლევან ჯანდიერმა არაგვის ხეობიდან ჩამოასახლეს გუდამაყრელები და მთიულები, რადგან აქ ქართული მოსახლეობა დიდი ხნიდან უკვე აღარ ცხოვრობდა. ძველ ნასოფლარებზე სოფელი გაშენდა და ახალი სოფელი დაერქვა, ვინ ეტყოდა ძველ სახელს, აქ ხომ კაცი აღარ ჭაჭანებდა. ეს მოსული მთიელები თავის ფუძის ანგელოზს არ ივიწყებენ, ახსოვთ რომ ლომისის "ყმები" არიან, რამოდენიმე წელიწადში ერთხელ მაინც მიდიან და ძველ ადგილს მოილოცავენ ხოლმე. ჩვენს სოფელში რამდენიმე ეკლესიაა X - XI ს.ს. აგებული. 
     წმინდა გიორგი – აგებულია X - XI ს.ს. ერთნავიანი ბაზილიკაა. მის გარშემო უამრავი ჩუქურთმიანი ლოდია მიმობნეული, რაც გვაფიქრებინებს, რომ აქ ადრე გუმბათიანი ტაძარი იდგა, რომელიც ალბათ არაბების შემოსევისას განადგურდა, მასთან ერთად ჩანს აქ სიცოცხლეც შეწყვეტილა. 
    ღვთის მშობელი – აგებულია  X - XI ს.ს. ერთავიანი ბაზილიკაა. აგებულია დანგრეული ტაძრის ადგილას, აქაც უამრავი ჩუქურთიანი ლოდია მიმოფანტული. საფლავის ქვები უამრავი სიმბოლოებით: მშვილდ–ისრით, ხმლითა და ჩაჩქნით, ქვებზე ნაქანდაკები ურმით, გუთნით. ამ მეგუთნეს ცალ ხელში გუთანი სჭერია და მეორეში მშვილდ–ისარი. 
    პეტრე–პავლე –  აგებულია X - XI ს.ს. ერთნავიანი ბაზილიკაა. დაანგრიეს ბოლშევიკებმა, ტაძრის პერანგი წაიღეს და სხვაგან ააშენეს რუსული ეკლესია.
    აქვეა ბარბარეს, კვირიას და სამების ეკლესიის ნანგრევები.
    წმინდა გიორგის მეორე ეკლესია, რომლის წარწერაც ექვთიმე თაყაიშვილმა ამოიკითხა და გაარკვია, რომ ტაძარი აგებულია ლიპარიტ მესამის, რატი მესამის და იოანე მესამის დროს. მაშინ, როდესაც  საქართველოში  მეფობდნენ ბაგრატ მეოთხე და გიორგი მეორე.
    ჩვენს სოფელში არის გათხრილი გორსამარხები და ასევე ერთი გაუთხრელინი ყორღანი. ეს სამარხები მდებარეობს ბედენის მთაზე, რომელიც ზღვის დონიდან 1200 – 1850 მ. ამ სამარხებში ყველაზე მთავარია "გადაჭრილი გორა", რომელიც გერმანე გობეჯიშვილმა გათხარა 1966 წ. მოპოვებული მასალების ანალიზი საშუალებას იძლევა, რომ ბედენის გორსამარხები მივაკუთნოთ ადრე ბრინჯაოს, ან შუა ბრინჯაოს ხანას, ე. ი. დაახლოებით ძვ. წ. მესამე ათასწლეულის მეორე ნახევარსა და მეორე ათასწლეულის დასაწყისს. ამასთანავე დგინდება აქ მცხოვრები ტომების მეურნეობის ძირითადი დარგები იყო მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. განვითარებული იყო ხელოსნური წარომოება და მოსახლეობის მაღალი კულტურული დონე. განვითარებული ყოფილა რთვა, ქსოვა, ლითონისა და ხის დამუშავება, შეიძლება ვივარაუდოთ ხერხის არსებობაც. სამარხში აღმოჩენილი ურემი ნამუშევარია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქ საკმაოდ კარგი გზები ყოფილა. ბედენის გორსამარხების ხანაში პირველად ჩნდებიან გამორჩეული ბელადები, რომლებიც გარდაცვალების შემდეგ იკრძალებოდნენ გამორჩეული პატივით. 
    აქამდე გათხრილ სამარხებს შორის ზომით ყველაზე დიდია სამარხი, რომელიც მდებარეობს შიგ სოფელში და ჯერჯერობით გაუთხრელი და შეუსწავლელია.
    ჩვენს  სოფელში არის ციკლოპური ნაგებობები. ეს არის უკიროდ, დიდი ლოდებით ნაშენი ციკლოპური ნაგებობები, რომელსაც მეგალითურსაც უწოდებენ. ერთ–ერთ მნიშვნელოვან ციკლოპურ ციხე–ქალაქად ითვლება გოხნარის ნაგებობა, რომელსაც აქაურები,,დიდლოდიანს" უწოდებენ. ეს არის იშვიათი ტიპის უნიკალური ნაგებობა, რომელიც სამ იარუსად არის განლაგებული. 












    ალგეთისა და ქციის წყალგამყოფი ქედი, ვახუშტის მიხედვით, ლაკვის ქედია, აქაურები საკრისის ქედს უწოდებენ, ადგილობრივი მთიულები კი საკრივისსაც ეძახიან. აქაურთა თქმით, "საკრივისი" ის ადგილია სადაც ამირანსა და დევს ბრძოლა,  კრივი ჰქონიათ
ამირან–დევი შეიბნენ,
მიწას გაჰქონდა გრიალი,
ამირანმა დევი დასცა,
დააწყებინა ღრიალი.
                                  
    რაკი ბრძოლა, კრივი აქ მომხდარა "საკრივისი" დავარქვითო, ამბობენ აქაურები. ამირანის ეპოსის ბევრი ტოპონიმი აქეთ ტრიალებს, ამიტომ გასაკვირველი არ არის, რომ როდესაც ამირანი და მისი ძმები სანადიროთ წამოვიდნენ: 
"სანადიროდ წამოვიდნენ ამირან და ძმანი მისნი,
ათი მთა გადაიარეს მეთერთმეტე ალგეთისი."
    არავინ იცის რამდენჯერ შეწყდა სიცოცხლე ამ ადგილებში, რამდენჯერ ხელახლა გაღვივდა ცეცხლი, ახლა კი ჩვენ, მთებში ზღაპრად და ლეგენდად დაბრუნებული ჯუბაჯვრიანი სამასი არაგველის ჩამომავლები ახლაუკვე ბზისხეველები, ვეცდებით ღირსეულად ვატაროთ უღელი, რომელიც ჩვენი სამშობლოს წარსულმა ქედზე დაგვადგა. 
"ვალად დამადე დიდგორი,
ვალად დამადე მარაბდა,
ფრესკები, ციხე–კოშკები,
ვეფხის და მოყმის ბალადა." 
    ვეცდებით ვემსახუროთ და ვუერთგულოთ ჩვენს პატარა ქვეყანას, მტერს რომ ბევრჯერ დაულეწია, მაგრამ ვერ აუღია. ვეცდებით წარსულის კვარცხლბეკი, რომელზედაც ჩვენ ვდგევართ, უფრო მაღალი იყოს ჩვენი შვილებისათვის. 
   საუკუნეების სიღრმეში გადგმული ჩვენი ფესვები გვავალებს გავიზარდოთ
 "სწორედ ისეთი, როგორც ალგეთზე ლეკვნი მგლისანი." 
   რომ კვლავ იმედიანად მღეროდეს ქართველი: 
"მუმლი სწყდებოდაო, 
ხე არ ხმებოდაო!"

 ტექსტზე  მუშაობდნენ:    1.მარიამ  აფციაური;
                                                     2.ელგუჯა წიკლაური.

No comments:

Post a Comment